logo
ENG



შოთაძის მტკიცებით, ფარცხალაძესთან "მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს"

24 ოქტ 202311:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მტკიცებით, ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან "მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს".

ამასთან, შოთაძე ფარცხალაძის საქმის გამოძიების დეტალებს არ ამხელს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ საქმეზე ზედამხედველობას კი პროკურატურა უწევს.

"საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. [ფარცხალაძესთან] შეხვედრები ყოფილა... ჩვენი სამსახურეობრივი ურთიერთობების შესახებ საჯაროდაა ცნობილი", - ამბობს შოთაძე.

20 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის კადრები გაავრცელა. უწყების ცნობით, ოთარ ფარცხალაძე სუს-ში 19 სექტემბერს იმყოფებოდა.

კადრების სახით უწყებამ სათვალთვალო კამერის ვიდეოდან ამოღებული ე.წ. სქრინები გაავრცელა. 

"აშშ სახდეპის განცხადების საფუძველზე სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით", - აღნიშნეს სუს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ ქვეყანა გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა. 

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. 

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე. 

თუმცა ერთი თვის თავზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა


close დახურვა